ქართული კვალი სომხურ ხელნაწერებში

ავტორები

  • დალი ჩიტუნაშვილი სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

საკვანძო სიტყვები:

ხელნაწერი, სომხური, ქართული, მინაწერი

ანოტაცია

სიძველეთა მოძიების, დაცვისა და მათი მთლიან კოლექციებში განთავსების დიდი პროცესი ამიერკავკასიაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ინიციატივით დაიწყო. ამ სიძველეებმა თავი მოიყარა საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საეკლესიო მუზეუმისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციებში. მოგვიანებით სამივე კოლექცია გადაეცა სახელმწიფო მუზეუმს, მოპოვებული ხელნაწერი წიგნებისთვის კი მუზეუმში შეიქმნა ხელნაწერთა განყოფილება. ქართულ ხელნაწერებთან ერთად აქ ინახებოდა უცხოენოვანი (სომხური, არაბული, სპარსული, ოსმალური, რუსული და სხვ.) ხელნაწერი წიგნებიც. 1930 წელს, მუზეუმის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოენოვანი ხელნაწერების საფუძველზე შეექმნა ცალკეული ფონდები. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა სომხურ ხელნაწერთა ფონდიც. 1958 წელს მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე დაარსდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი (დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), სადაც გადაინაცვლა მუზეუმში დაცულმა თითქმის ყველა ხელნაწერმა. თავდაპირველად, სომხურ ხელნაწერთა ფონდი მხოლოდ 67 ხელნაწერისაგან შედგებოდა. დღესდღეობით ფონდში დაცულია 311 ხელნაწერი, 198 ისტორიული დოკუმენტი და 23 ფრაგმენტი. შედგენილობით სომხური ფონდი მრავალფეროვანია. მასში ინახება თარგმნილი და ორიგინალური სომხური მწერლობის ამსახველი ძეგლები. ქრონოლოგია ხელნაწერებისა და ფრაგმენტებისა VIII-XX საუკუნეებს მოიცავს. საქართველოსა და სომხეთის გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვის გამო, გასაკვირი არ არის, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ სომხურ ხელნაწერებში ქართული კვალიც ჩანს. სომხურ ხელნაწერებში გვაქვს საცავ ფურცლებად გამოყენებული ქართული ხელნაწერების ფრაგმენტები (Arm-24, 299) და, როგორც წესი, ეს ფრაგმენტები განსაკუთრებული სიძველით გამოირჩევა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გვხვდება საქართველოში გადაწერილი სომხური ხელნაწერებიც: ასეთი 1700 წელს გორში გადაწერილი სახარება, რომლის მინიატურებიც ქართულ განმარტებით წარწერებს შეიცავს. მომგებელთა ქართული სახელები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოში უნდა იყოს გადაწერილი სომხური ოთხთავი Arm-109 (1681 წ.) და მისი ასლი Arm-110 (XVII ს.). ორივე ხელნაწერი მოჭედილ ყდაშია ჩასმული, გამშვენებულია მინიატურებით და ეს მინიატურები ერთი ადამიანის მიერ თუ არა, მინიატურისტიკის ერთი სკოლის წარმოადგენლის მიერ უნდა იყოს შექმნილი. საქართველოში, თბილისში უნდა იყოს გადაწერილი აღა მაჰმად ხანის მიერ 1795 წლის აოხრების ისტორიის შემცველი ორი ხელნაწერი Arm-98 და Arm-22. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სომხურ ფონდში დაცული მასალის შესწავლამ აჩვენა, რომ ქართული მინაწერების გაჩენა სომხური ხელნაწერების ფურცლებზე ნაწილობრივ ენობრივად გაქართველებულ სომეხთა მოღვაწეობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამრიგად, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სომხურ ხელნაწერთა კოლექციაზე ქართულ ანდერძ-მინაწერების შესწავლამ აჩვენა, რომ სომეხ მოსახლეობას მჭიდრო ლიტერატურული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან და ქართველებთან. ქართლ-სომხურ ურთიერთობას საუკუნეების ისტორია აქვს და არასოდეს გაწყვეტილა. ამ ორმხრივ კავშირს, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, ყველაზე ნათლად სწორედ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები ადასტურებენ.

ავტორის ბიოგრაფია

დალი ჩიტუნაშვილი, სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

ლიტერატურა / წყაროების მითითება

Aleksidze, Z., & Chitunashvili, D. (2009). Udzvelesi qartuli otkhtavis utsnobi pragmentebi [Unknown fragments of the oldest Georgian Four Gospels]. Tbilisis Iv. Javakhishvilis Universitetis Humanitaruli Fakultetis Shromebi [Proceedings of the Faculty of Humanities of Iv. Javakhishvili Tbilisi State University], 81–102. Universitetis Gamomtsemloba.

Chitunashvili, D. (2023). Miqael Sabatsmidelis utsnobi sagalobeli [An unknown hymn of Michael the Sabbait]. Aghmosavletmcodneoba [Oriental Studies], 12, 121–138. Universitetis Gamomtsemloba.

Chubabria, R. (1991). S. Grichis „Agha-Mahmad khanis mier 1795 clis 11 sektembers dedaqalaq Tbilisis (Paitakaranis) gadatsvis mokle istoria“ [S. Grich’s "A Short History of the Burning of the Capital Tbilisi (Paytakaran) by Agha-Mohammad Khan on September 11, 1795"]. Matsne, Enisa da Literaturis Seria [Journal of the Academy of Sciences of Georgia, Language and Literature Series], 3, 125–134. Sakartvelos SSR Metsnierebata Akademiis Gamomtsemloba.

Chubabria, R. (1993). Agha Mahmad khanis mier 1795 clis 11 sektembers Tbilisis darbevastan dakavshirebuli somkhuri tsqaroebi [Armenian sources related to the raid of Tbilisi by Agha-Mohammad Khan on September 11, 1795]. Matsne, Enisa da Literaturis Seria [Journal of the Academy of Sciences of Georgia, Language and Literature Series], 3-4, 90–95. Sakartvelos SSR Metsnierebata Akademiis Gamomtsemloba.

Gagoshidze, G., Kviri-kashvili, N., Tseradze, T., Khoperia, L., & Janjalia, M. (2022). Qartuli qristianuli temi tsminda mitsaze [The Georgian Christian community in the Holy Land]. Tbilisi.

Georgian Soviet Encyclopedia (GSE). (1978). (Vol. 3). Metsniereba.

Grigor Narekatsi. (1789). Meknut’yun Ergots Ergoyn Soghomoni [Commentary on the Song of Songs of Solomon]. Venice.

Lomsadze, Sh. (1979). Gviani shuasaukuneebis sakartvelos istoriidan, akhaltsikhuri qronikebi [From the history of Late Medieval Georgia, Akhaltsikhe Chronicles]. Metsniereba.

Lomsadze, Sh. (2006). Samtskhe-Javakhetis mematiane [The Chronicler of Samtskhe-Javakheti]. Saari.

Patas-khanik Mkhit’aray K’ahanayi Skevrrats’voy. (1865). Yaghags hamapatvut’ean erkotasan ar’ak’elots [Response of the Priest Mkhitar of Skewra regarding the equality of the twelve apostles]. Jerusalem.

Tsagareishvili, E. (Ed.). (1993). Pirta anotirebuli leqsikoni [Annotated Dictionary of Persons] (Vol. 2). Metsniereba.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-25

გამოცემა

სექცია

ისტორია