რეიჰან გუგუნანი. „ფერეიდნელი ქართველების ზღაპრები,“ ფულადშაჰრი (ირანი), გამომცემლობა „გორჯი,“ 2024, 300 გვ.

ავტორები

  • ნიკოლოზ ნახუცრიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
  • თეა შურღაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ფერეიდნული დიალექტი, ირანში მცხოვრები ქართველები, სპარსული ზღაპრები, ქართული ფოლკლორი

ანოტაცია

თუკი გასულ საუკუნეში ფერეიდნულ დიალექტსა და იქაური ქართველების ყოფას, ძირითადად, ქართველი მეცნიერები იკვლევდნენ, ბოლო ხანებში არაერთი ინიციატივა სწორედ ირანში მცხოვრებ ქართველებს ეკუთვნით. თითოეული ახალი ტექსტი, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება მკვლევრებისთვის, განსაკუთრებულად ღირებულია. რ. გუგუნანის „ფერეიდნელი ქართველების ზღაპრები“, რომელიც 2024 წ. გამოიცა ირანში, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, როგორც ახალი მასალა ირანში ქართული ენობრივი კუნძულის შესასწავლად. წინასიტყვაობის ავტორის, ცნობილი მკვლევრის, რ. სეფიანის თქმით, წიგნში ფერეიდნული მეტყველების გრამატიკული ნორმები სრულად არის დაცული, რაც პირველად ხდება (გვ.7). წიგნი ორენოვანია - ათი ზღაპრის ტექსტი მოცემულია ჯერ სპარსულ ენაზე, ხოლო შემდეგ ქართულად (ფერეიდნულად). ქართული ნაწილი უფრო მეტ დეტალს (ხშირად ისეთ დეტალიზებას, რომელიც ხალხურ ზღაპარს არ ახასიათებს), ყოფითი წვრილმანების აღწერას შეიცავს, რაც სპარსულ ტექსტში გამოტოვებულია ან შემოკლებულია. ქართული ტექსტის ამგვარი ადაპტაცია ბუნდოვანს ხდის შემდგენლის მიზანს - გაურკვეველია, რას (ვის) ემსახურება სპარსულენოვანი ტექსტი. კუმულაციური ზღაპარი „გადაჯრილ ჩიტი“ კრებულში ერთადერთი ტექსტია, რომელიც შესაძლებელია ცხოველთა ზღაპრების ჯგუფს მივაკუთვნოთ. აშკარაა მისი და ცნობილი სპარსული ზღაპრის „ბეღურა აში-მაშის“ სიუჟეტის მსგავსება. „ქურდა“, რომელიც ადგილობრივ ხალხურ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება, ზღაპრად ძნელად თუ ჩაითვლება. ქართულ ტექსტში ყურადღებას იქცევს თანხმოვანთა და ხმოვანთა გემინირება (ახხალ, მაალე და სხვ.), რაც არაბულ-სპარსული ორთოგრაფიისა და სპარსული ფონეტიკური სისტემის პირდაპირი გავლენის შედეგია. სპარსულ ნიადაგზევე აიხსნება ქართული ზმნის ფორმებთან უარყოფითი ნაწილაკების შერწყმით წერა (არმაიდიხარ, არიცოდა, ვერმეწივაყე და სხვ.). ზღაპრის მზა ფორმულები ზოგან სიტყვასიტყვით იმეორებს სპარსულს, ზოგ შემთხვევაში ქართულისა და სპარსულის კონტამინაციის შედეგია („იყო და არა იყო რა“ + „yekī būd, yekī nabūd“ - ფერეიდნ.: „იყო და არა იყო ერთი”), ზოგჯერ კი ორიგინალობით გამოირჩევა, როგორც ეს ზღაპრის ტრადიციული დასასრულის შემთხვევაში ხდება - „ტილი და წილი თაში, ხილიც შენ კალთაში, ამინ!” - არც სპარსული ზღაპრების ფორმულებს იმეორებს და არც ქართულისთვის ჩანს ჩვეული. რეცენზიაში ყურადღება მახვილდება იმ ლექსიკურ ერთეულებზე, რომლებიც, ავტორების აზრით, სტანდარტული ქართულიდან უნდა იყოს აღებული და არა ფერეიდნული დიალექტიდან, ასევე, ევროპეიზმებზე, რასაც რ.გუგუნანი ფერეიდნელთა მეტყველებაში მათი ხშირი გამოყენებით ამართლებს. ზოგიერთი ნაკლის მიუხედავად, „ფერეიდნელი ქართველების ზღაპრები” ახალი და მნიშვნელოვანი წყაროა ფერეიდნელების მეტყველების, ყოფისა და ფოლკლორის შესასწავლად. "

Author Biographies

ნიკოლოზ ნახუცრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი

თეა შურღაია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

ლიტერატურა / წყაროების მითითება

Beridze, M., Bakuradze, L., & Nakhutsrishvili, N. (2018). Pereidnuli dialektis korpusuli leqsikoni (Kartuli dialeqturi korpusi) [Corpus dictionary of the Fereydanian dialect (Georgian Dialectal Corpus)]. State Language Department.

Gūgūnānī, R. (2024). Afsānehā-ye ‘āmiāne-ye gorjī-e Faridan [Folk tales of the Georgians of Fereydan]. Enteshārāt-e Gorji.

Qalani, N. (2010). Pesv. Gozarī mardomshenākhtī bar gorjiān-e Irān [Root: An anthropological look at the Georgians of Iran]. Golbon.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-25

გამოცემა

სექცია

რეცენზია